საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და
წინსვლის საწინდარია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი იმისა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანაში,1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ხოლო 2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნებს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი, თვითმფრინავები Cessna-152, Aeroprakt A-22,
Tecnam P2006T, Boeing 737-200, EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II
MCC კლასის თვითმფრინავის და შვეულმფრენის სიმულატორები, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ უნივერსიტეტს გააჩნია როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი პროგრამები რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პრესტიჟულ პროფესიებს დაეუფლონ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი პროფესორ მასწავლებლები, გამოცდილ მფრინავ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა და დარგის პროფესიონალი პერსონალი. სწორედ ყველა მათგანის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენს სასწავლო დაწესებულებას უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, რაც თავის მხრივ ყველა აკადემიური დონის ავიასპეციალისტთა მომზადების უფლებას იძლევა.

უნივერსიტეტს გააჩნია 3 ფაკულტეტი: საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე, უწყვეტი განათლების მიღების მიზნით, ფუნქციონირებს საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი. 
უნივერსიტეტს აქვს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან.

საავიაციო უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია კურსდამთავრებულთა დასაქმება მიღებული პროფესიების შესაბამისად, რაც პრაქტიკულად დიდი წარმატებით ხორციელდება.